ENG GEO

Search form

ნათია ხარხელი

ნათია ხარხელი ჩინეთიდან:

19.03.2018

წლების წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე შორეულ აღმოსავლეთში ცხოვრების შესაძლებლობა მომეცემოდა, ახლა კი თითქმის ექვსი თვეა, რაც ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქში, თიენძინში, ნანქაის უნივერსიტეტში ვსწავლობ. თიენძინი არის მაგალითი სუფთა, კომფორტული ქალაქისა, სადაც უსასრულოდ შეგიძლია იხეტიალო და ყოველდღე აღმოაჩინო რაიმე ახალი. აქ სიმშვიდისა და თავისუფლების შეგრძნება არასდროს გეკარგება. არ აქვს მნიშვნელობა რისი ნახვა ან გაკეთება გინდა, თიენძინში იპოვნი ყველაფერს - თანამედროვე, შთამბეჭდავ არქიტექტურასაც და უძველეს ჩინურ ტაძრებსაც, შეგიძლია ერთ დღეს მდინარე ხაის სანაპიროს გაუყვე, დატკბე ულამაზესი ხედებით, ისეირნო იტალიურ უბანში ან ქალაქს თიენძინის სიმბოლოდ ქცეული ეშმაკის ბორბლიდან გადახედო, მეორე დღეს კი ნამდვილ ჩინურ სამყაროს გაეცნო, ისეირნო კულტურულ ქუჩაზე, დაათვალიერო ბუდისტური ტაძრები, დააგემოვნო ტრადიციული საჭმელი. თუ განტვირთვა გინდა, საღამოობით შეგიძლია ქუჩაში მოცეკვავე ჩინელებს შეუერთდე, არ აქვს მნიშვნელობა როგორ ცეკვავ, ამ ხალხის ენერგიულობა და სიცოცხლის სიყვარული მხოლოდ სასიამოვნო ემოციებს გიტოვებს.

ჩინეთში ცხოვრება უამრავ შესაძლებლობას იძლევა. პირველ რიგში, ეს არის იდეალური გარემო ენის შესასწავლად, რადგან ლექციები მხოლოდ ჩინურ ენაზე ტარდება და ადგილობრივებთან ურთიერთობაც ყოველდღიურად გიწევს. აქ ყოფნის პერიოდში შევხვდი სტუდენტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ვისწავლე სხვისი კულტურის დაფასება და პატივისცემა, შევიძინე მეგობრები, რომლებთანაც უკვე უამრავი მოგონება მაკავშირებს. ჯერ-ჯერობით ნამყოფი ვარ ჩინეთის სამ ქალაქში. პირველი იყო პეკინი, რომელმაც თავი დამამახსოვრა ულამაზესი, უძველესი ღირსშესანიშნაობებითა და იმ ქაოსით, რომელსაც სხვაგან ვერსად იხილავთ. ჩინეთის დიდი კედელი, ზაფხულის სასახლე, აკრძალული ქალაქი - ეს იმ ადგილების მცირე ნაწილია, რომლებიც პეკინში ჩასვლისას აუცილებლად უნდა ნახო. ქალაქის ღირსშესანიშნაობებიდან ჩემთვის ფავორიტია „ცის ტაძარი“ - 天坛, რომელმაც ყველაზე დიდი აღფრთოვანება და დაუვიწყარი ემოციები დამიტოვა.

მეორე ქალაქია შანხაი - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ადგილი, სადაც ვისურვებდი მეცხოვრა. განვითარება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ცათამბჯენები - ეს ყველაფერი ამ ქალაქს ხელს არ უშლის, იყოს მყუდრო და თბილი იმდენად, რომ თოვლსა და წვიმაშიც არ დაგეზაროს გარეთ გასვლა. შანხაიში ღირს სიმაღლის შიშის დაძლევა. აქ შეგიძლია მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალი შენობის „კენწეროდან“ გადახედო ქალაქს - ეს ემოციები ალბათ მთელი ცხოვრება გაგყვება თან.

თუკი გინდა ყინულის ზღაპარში აღმოჩნდე, ჩინეთში არც ესაა შეუძლებელი - ამის საშუალებას ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქი ხარპინი იძლევა. ყინულისა და თოვლის ფესტივალზე დასწრება ენით აღუწერელი ბედნიერებაა, თვითონ ქალაქი კი - ძალიან საყვარელი, პატარა და მყუდრო. არსად შემხვედრია ისეთი თბილი ხალხი, როგორიც ხარპინში. ამ ყველაფრის სანახავად ნამდვილად ღირს გაუძლო -20 გრადუს ყინვას, ოღონდ შემთხვევაში, თუ გაგიმართლა.

გარდა ამისა, ჩინეთში ცხოვრება გაძლევს საშუალებას იმოგზაურო ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. სწორედ ამის დამსახურება იყო ჩვენი, ქართველი სტუდენტების, მალაიზიასა და ტაილანდში მოგზაურობა, რომელიც სულ ახლახან დავასრულეთ.

ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი სიზმარია. მადლიერი ვარ თავისუფალი უნივერსიტეტისა და ჩინური ენის ლექტორების, რომლებმაც უზრუნველყვეს ჩემი ჩინური ენის ცოდნის შესაბამისი დონე და მაქსიმუმი გააკეთეს, რათა ჩინეთში სწავლის შესაძლებლობა მქონოდა. არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნო ჩინეთის საელჩოს წვლილი, რომლის გარეშეც დღეს ამ ყველაფერს ვერ მოგიყვებოდით. იმედი მაქვს, ჩემი ჩინური ცხოვრება ისევე საინტერესოდ გაგრძელდება, როგორც აქამდე - დაუვიწყარი ერთი წლის დასრულებამდე კიდევ ოთხი თვეა დარჩენილი და შევეცდები, რომ ეს დრო ნაყოფიერად გამოვიყენო.

ნუნუ აბუაშვილი

ნუნუ აბუაშვილი ჩინეთიდან

22.02.2018

ნუნუ აბუაშვილი ჩინეთიდან:

2014 წელს ჩავაბარე თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში. მას შემდეგ ჩინური ენა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ახლა, როდესაც ამ ბლოგს ჩინეთიდან ვწერ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ჩემი არჩევანის სისწორეში.
უკვე მეექვსე თვეა იმ სამყაროს ნაწილი ვარ, რომელსაც წიგნის ფურცლებიდან თუ სურათებიდან ვადევნებდი თვალს. ჩინეთში ძალიან სტუმართმოყვარე და ყურადღებიანი ხალხი ცხოვრობს, ამიტომ ამ დროის განმავლობაში არასდროს მიგრძვნია უცხოობის განცდა. პირველივე დღეებიდანვე აღმაფრთოვანებდა ქუჩაში მოსიარულე ადამიანების მზადყოფნა, დაგეხმარონ და იზრუნონ შენზე.
ქალაქს, სადაც მე ვსწავლობ, თიენძინი ჰქვია. ის, პეკინთან, შანხაისთან, გუანჭოუსა და ჩუნცინთან ერთად, არის ჩინეთის ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქების ჯგუფში. ეს ტერმინი ხელისუფლების მიერ გამოიყენება იმ დასახლებების აღსანიშნავად, რომლებიც ასრულებენ წამყვან როლს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში. თითოეულ ამ სფეროში მიღწეული წარმატება, ასევე თიენძინის განსაკუთრებული როლი საერთაშორისო ვაჭრობასა და ურთიერთობებში, აქ ყველგან იგრძნობა.
თიენძინის უნივერსიტეტი დაარსდა 1895 წელს და არის პირველი თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ჩინეთში. ჩემი სასწავლო ცხრილი მოიცავს ჩინური ენის გრამატიკის, მოსმენის, მეტყველებისა და ლიტერატურის გაკვეთილებს. აქ განსაკუთრებულ მადლიერებას ვგრძნობ თავისუფალ უნივერსიტეტში ჩემი ქართველი თუ ჩინელი ლექტორებისადმი, რომელთა წვლილიც უზარმაზარია ჩემს თითოეულ წარმატებაში. ჩინელი მასწავლებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ქართველი სტუდენტები სწორი ტონებითა და გრამატიკული ფორმებით მეტყველებენ, რაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რადგან აქ თითოეული ჩვენგანი საკუთარ სამშობლოს წარმოვადგენთ.
თიენძინში არის საუკეთესო გარემო ჩინური ენის დონის ასამაღლებლად, ასევე, ბევრი საშუალება განტვირთვისთვის და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. შევიძინე ახალი მეგობრები და მივხვდი, თუ რამდენად საინტერესოა ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომელთაგანაც თითოეულს საკუთარი იდეები და ღირებულებები გააჩნია. მოვინახულე ჩინეთის სხვადასხვა ქალაქის ღირსშესანიშნაობები, ულამაზესი ზაფხულის სასახლე პეკინში, ჩინური ფლორენცია უცინში, უზარმაზარი ცათამბრჯენები შანხაიში, მსოფლიოს ფინანსური ცენტრი თიენძინში, ბუდისტური ტაძრები და ქრისტიანული ეკლესიები. გარდა ამისა, თვალს ვადევნებ ჩინეთის ურბანულ მოწყობას, ტურისტულ ცენტრებსა და ეკონომიკურ მიღწევებს. ქალაქში, რომლის მოსახლეობაც 15 მილიონს აჭარბებს, პატარა საქართველოს ამაყი წარმომადგენელი ვარ და გაცილებით უკეთ ვხედავ ჩემი სამშობლოს თითოეულ ნაკლსა თუ ღირსებას.

გიორგი გულიაშვილი

გიორგი გულიაშვილი ლონდონიდან

06.02.2018

Facebook-ი ყველა ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი და ლიდერი კომპანიაა, გამოირჩევა თავისი სამუშაო გარემოთი, თანამშრომლებისთვის სხვადასხვა ბენეფიტებით. მათთვის მნიშვნელოვანია კომპანიაში დასაქმებული ადამიანები კომფორტულად გრძნობდნენ თავს სამუშაო გარემოში. ამასთან, ლონდონიც ძალიან კარგი ქალაქია. მე ყველაზე მეტად ჩაინათაუნი მომეწონა, იმდენად რომ ლონდონში ყოფნის დროს, ქალაქის სხვა ნაწილში გასვლის სურვილიც კი არ გამჩენია. Brexit-ის მიუხედავად ტექნოლოგიური კომპანიებმა, Facebook, Google, Microsoft დაჩქარებულად ზრდა დაიწყეს UK-ში.

ჩემმა მეგობარმა, რომელიც ასევე Facebook-ში მუშაობს, ლონდონის ოფისის ვაკანსიების შესახებ შემატყობინა. ფეისბუქის ლონდონის ფილიალი სწორედ ჩაინათაუნთან ძალიან ახლოს მდებაორეობს. სანამ ამიყვანდნენ, ბევრი ინტერვიუ გავიარე. პირველად სატელეფონო გასაუბრება მქონდა მენეჯერთან, ამოწმებდნენ რამდენად მაინტერესებს კომპანიაში მუშაობა, შემდეგ იყო ტექნიკური ხასიათის გასაუბრებები, რამდენიმე ონლაინ ინტერვიუ და საბოლოოდ მთავარი შეხვედრა ლონდონში.

იქ უკვე შეამოწმეს, რამდენად ვჯდები მათი კომპანიის კულტურაში, ასევე შეაფასეს ჩემი ტექნიკური უნარები და გადაწყდა, რომ 16 აპრილიდან Facebook-ის ლონდონის ფილიალში Software Engineering-ის პოზიცაიზე ვიწყებ მუშაობას.

ოთხი კვირა ლონდონში და ორი კვირა HQ-ში გავივლი ტრენინგებს და ამის შემდეგა გადავწყვეტ რომელ განყოფილებას შევუერთდე.

ამის პარალელურად სხვა შემოთავაზებებიც მქონდა მადრიდიდან ( Source {d}) და პრაღიდან (Sizmek). ორივე ძალიან კარგი კომპანიაა, თუმცა ამ ეტაპზე Facebook-ით უფრო დავინტერესდი. ამ კომპანიაში უამრავი პროექტია, მეც ჯერ ჩამოყალიბებული არ მაქვს კარიერა როგორ განვავითარო და უფრო მრავალფეროვან გუნდთან მირჩევნია მუშაობა, რომელიც კვალიფიციურთან ერთად ძალიან მეგობრულია და მეხმარებიან, რომ ადვილად მოვერგო ლონდონურ რიტმს.

თამარ მენთეშაშვილი

თამარ მენთეშაშვილი კორეიდან

31.01.2018

რამდენიმე გასაზიარებელი გამოცდილება მათთვის, ვინც საკუთარი ულიმიტო შესაძლებლობების აღმოჩენის პროცესშია

2014 წელს დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. ამ უნივერსიტეტში გატარებული 4 წელი ნამდვილად განსაკუთრებით გამორჩეული, დატვირთული და საუკეთესო მოსამზადებელი ეტაპი იყო ჩემთვის. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გავაგრძელე სწავლა დიდ ბრიტანეთში, რის შემდეგაც აზიაში, ჩინეთში გადმოვინაცვლე.

სხვადასხვა კულტურული ღირებულებებისა და ხასიათის მქონე ადამიანების გვერდზე მცირე ასაკიდან მუშაობამ და სწავლამ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება დამანახა:
1. უნდა ვისწავლოთ, სიამოვნება მივიღოთ პროცესით და არ ვიყოთ მხოლოდ შედეგზე ორიენტირებულები. დღევანდელ რეალობაში ყველაფრის (მათ შორის, ჩვენი საკუთარი ბედნიერებისა და წარმატების) ხარისხის გაზომვას გვასწავლიან შედეგით. თუმცა, როცა ჩვევად იქცევ იმას, რომ მიუხედავად იმისა, "წარმატება", თუ "წარუმატებლობაა" შედეგი, შეგიძლია სიამოვნება მიიღო პროცესით, ხვდები რომ გაცილებით უფრო ბედნიერი და მოტივირებული ხარ პროცესში. შესაბამისად, შენი ეფექტიანობაც უფრო მაღალია, ვიდრე მათი, ვინც მუდმივად მხოლოდ შედეგს ელოდება. ეს გამოცდილება განსაკუთრებით ცხადი გახდა ჩემთვის მაშინ, როდესაც საკუთარი კომპანია შევქმენი ჩინეთში ჩამოსვლის შემდეგ და შევითავსე გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია. ჩვენი გუნდი ცდილობს დღევანდელ რეალობაში ცვლილებების განხორციელებას ისეთი ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, როგორიც არის ბლოკჩეინი. ამ ძალიან ახალ და სწრაფად ცვალებად სფეროში თუ არ შეგიძლია საკუთარი და შენი გუნდის მუშაობის პროცესი გახადო სასიამოვნო, მაშინ თავად შედეგამდე მიახლოვებაც კი გამორიცხულია.

2. უნდა ვისწავლოთ მოსმენა. ეს ეხება როგორც სხვა ადამიანების, ასევე განსაკუთრებით საკუთარი თავის მოსმენის უნარს. სწორედ მოსმენის უნარმა და ინტერესიანობამ მომცა შესაძლებლობა, მიმეღო სწორი გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი უნივერსიტეტი ამერჩია, რა ადამიანების გარემოცვაში ვყოფილიყავი, რა მიმართულებით წავსულიყავი და დავინტერესებულიყავი რადიკალურად განსხვავებული სფეროთი მაშინ, როდესაც ამ სფეროს ღირებულება ბევრისთვის ამოუცნობი და საეჭვოც კი იყო. დღეს ბლოკჩეინი უკვე აღიარებულია მრავალ სფეროში რევოლუციური ცვლილებების პოტენციალის მატარებელ ტექნოლოგიად. თუმცა ბევრს არ ემახსოვრება, რომ დღევანდელის საპირისპირო იყო რეალობა 4 წლის წინ.

3. უნდა ვისწავლოთ წარუმატებლობების ისეთივე ჩვეულებრივ და ყოველდღიურობის თანმდევ მოცემულობად მიღება, როგორიც მაგალითად წარმატებაა. ეს განაპირობებს თავის მხრივ 2 შედეგს: 1. მომზადებული ხვდები ნებისმიერ მარცხს, 2. არასდროს ხარ “ნამეტანი” უკმაყოფილო ან კმაყოფილი მიღწეული შედეგით და აგრძელებ ზრდას.

4. მნიშვნელოვანია, რომ არ დავუწესოთ საკუთარ თავს და არც სხვებს ლიმიტი შესაძლებლობებზე. ყოველთვის თუ იქნებით დადებითად განწყობილი ახალი გამოცდილებების მისაღებად, საკუთარ თავში ულიმიტო შესაძლებლობებს ნამდვილად ყველა აღმოაჩენს. სწორედ ამიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი თავისუფალი უნივერსიტეტი ჩემი და ალბათ ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაში, ვინც ეს სკოლა გაიარა. ამ გარემოში ნამდვილად გაქვს საშუალება, აღმოაჩინო საკუთარი უსაზღვრო პოტენციალი და ისწავლო გუნდში მუშაობა.

ეს რამდენიმე გამოცდილება პირადად ჩემთვის ცხოვრებაში სახელმძღვანელო აღმოჩნდა როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად.

დღეს ვარ დოქტორის ხარისხის კანდიდატი წამყვან უნივერსიტეტში. ვარ ბლოკჩეინ სექტორში საერთაშორიო კომპანიის თანადამფუძნებელი. ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში, სადაც 95% მენეჯერული პოზიციებისა წარმოდგენილია საპირისპირო სქესით, ვარ კომპანიის საერთაშორისო სტრატეგიულ განვითარებაზე პასუხისმგებელი პირი. ვწერ არაერთი საერთაშორისო გამოცემისთვის, ვარ ბლოქჩეინ სფეროში რამდენიმე წარმატებული კომპანიის მრჩეველთა ბორდის წევრი, სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაში კონსულტაციას ვუწევ რამდენიმე სახელმწიფოს (მათ შორის, საქართველოში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს). 2018 წელს დავსახელდი ბლოქჩეინ სივრცეში წამყვან მდედრობითი სქესის წარმომადგენლად, ვთანამშრომლობ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში არსებულ ბლოკჩეინ ლაბორატორიებთან როგორც ერთ-ერთი ასეთი საზოგადოების დამფუძნებელი და წარმომადგენელი. რაც ჩემთვის ყველაზე ღირებულია, საჯარო გამოსვლებითა თუ სხვა კომუნიკაციის არხებით ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ადამიანი დაინტერესდეს ინოვაციური ტექნოლოგიების სექტორით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მე ჩემი მიზნების მიღწევის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვარ და ვაგრძელებ ჩემზე ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანების ძიებას. ჩემი გამოცდილებით, მხოლოდ ასეთი ადამიანების საერთო ძალისხმევითაა შესაძლებელი იმ პოტენციალის სრული რეალიზაცია, რომელიც დღეს ინოვაციური ტექნოლოგიებისა და კერძოდ, ბლოკჩეინის მიღმა დგას.

ზურა ოშხნელი

ზურა ოშხნელი ირლანდიიდან

06.11.2017

ერთი წლის წინ აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტის კამპუსში ვიქნებოდი და ბლოგს დავწერდი ჩემი გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ, მაგრამ iGeneration-მა და თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლამ ჩემი ცხოვრება შეცვალა და ეს დაუჯერებელი შესაძლებლობა მომცა.

თავისუფალ უნივერსიტეტში აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საბაკალავრო პროგრამაზე ვსწავლობდი, ირლანდიაში კი საერთაშორისო ბიზნესს ვსწავლობ. თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის ხიბლი ახლა განსაკუთრებით ვიგრძენი, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალობა შევიცვალე, თავისუფალმა უნივერსიტეტმა მომცა საბაზისო ცოდნა, რომლის დამსახურებით ამ ცვლილებას ადვილად შევეგუე და ახალი სპეციალობის სწავლა ჯერ-ჯერობით არ მიჭირს.

სწორედ თავისუფალი უნივერსიტეტში დავინტერესდი საერთაშორისო ეკონომიკით, ბიზნესითა და გლობალიზაციით, რამაც სურვილი გამიჩინა, რომ ამ მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა. iGeneration-ის ფონდის შესახებაც სწორედ ამ დროს გავიგე და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, თავისუფალმა უნივერსიტეტმა მომცა იმდენი თავდაჯერებულობა და განათლება, რომ ეს შევძელი. ახლა ვხვდები რატომ მოხდა ისე, რომ iGeneration-ის 6-ვე სტიპენდიანტი კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტების სტუდენტები აღმოვჩნდით.

iGeneration-ის პროგრამა მიფინანსებს სწავლას, ცხოვრებას, ყოველთვიურ სტიპენდიას, წიგნების, საბუთებისა და მგზავრობის ხარჯებს, მე კი ისღა დამრჩენია ვისწავლო და დავტკბე აქაურობით, რადგან აქაურობა მართლაც შთამბეჭდავია.

ლიმერიკის უნივერსიტეტის კამპუსი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მწვანე კამპუსია ევროპაში. გარდა ამისა, ის იმდენად მრავალფუნქციურია, რომ ქალაქში გაუსვლელად მოახერხებ სხვადასხვანაირი ტიპის გართობას: კინო, პაბი, კლუბი და ასე შემდეგ, ნებისმიერი სპორტით დაკავებას (ჩამოთვლას დიდი ხანი მოვუნდები და ალბათ ვერც შევძლებ) და საყიდლებზე სიარულიც.

რაც შეეხება აკადემიურ მხარეს, უნივერსიტეტს გააჩნია ძალიან დიდი რესურსების ბაზა და ბიბლიოთეკა, რომლის დახმარებითაც სწავლა ბევრად ადვილი და შედეგიანია. ჩემი ფაკულტეტის მთავარი ხიბლი კი ის არის, რომ საგნებს მე ვირჩევ, აქედან გამომდინარე, შემიძლია მიმართულება და სპეციალობა ჩემს ინტერესებს მოვარგო, რაც სწავლას უფრო საინტერესოს ხდის.

რამდენიმე სიტყვას ირლანდიასა და ირელნდიელებზეც ვიტყვი. სანამ გავიგებდი, რომ გავიმარჯვე ირლანდიაზე ბევრი ნამდვილად არ ვიცოდი, შემდეგ დავიწყე ძებნა და დათვალიერება, თუმცა ჩამოსვლის შემდეგ შთაბეჭდილებებმა მოლოდინს გადააჭარბა. მიუხედავად საკმაოდ რთულად შესაჩვევი ამინდისა, აქაურობა საცხოვრებლად იდეალურია: სიმწვანე და ბუნების სილამაზე, ინფრასტუქტურა და მაღალი ცხოვრების დონე.

ირლანდიელები და მათი კულტურა გაცნობისთანავე შეგიყვარდებათ. ისინი ქართველების მსგავსად გართობის მოყვარულია ხალხია, თუმცა უფრო გახსნილი და ადვილი საურთიერთო. აქვთ კარგი იუმორის გრძნობა, არ ერიდებიან საკუთარ აქცენტსა და ისტორიაზე ხუმრობასაც, ალბათ იმიტომ, რომ აწმყო იმდენად კარგია სახუმარო ბევრი არაა.

რომ შევაჯამო, ირლანდიაში ცხოვრება და სწავლა იმდენად სასიამოვნოა, რომ უარყოფით მხარეების ჩამოთვლას ბევრი ფიქრი სჭირდება. ასე რომ, მოვუწოდებ სტუდენტებს მათაც მიიღონ მონაწილეობა iGeneration-ის პროგრამაში. არ შემიძლია ეს ბლოგი ისე დავასრულო, რომ თავისუფალ უნივერსიტეტს მადლობა არ გადავუხადო, რადგან მან, ბევრ სხვასთან ერთად, მასწავლა თავდაჯერებულობა და მიზანდასახულობა. მჯერა, რომ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები საქართველოს წარმატებაში დიდ როლს ითამაშებენ!

გვერდები