ENG GEO

Search form

სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის კონცეფცია

თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის მისია სამეცნიერო კვლევების წარმოებაა, ამიტომ ჩვენი პროგრამები (სამაგისტრო და სადოქტორო) შექმნილია თავისფუალ და აგრარული უნივერსიტეტებში არსებული სკოლების და მათი აკადემიური პერსონალის ინტეგრული კოლაბორაციის საფუძველზე. ერთიანი სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის შექმნის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ერთ სივრცეში თავი მოიყარონ ახალი თაობის მეცნიერებმა და პრაქტიკოსებმა, რომლებიც საკუთარ წვლილს შეიტანენ როგორც იმ მიმართულების განვითარებაში, რომელშიც ისინი უშუალოდ აწარმოებენ კვლევას, ისე ინტერდისციპლინარული და უნივერსიტეტთაშორისი კვლევების განვითარებაში.

ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი გარემო სადაც მომიჯნავე დისციპლინის მეცნიერები ერთობლივად იმუშავებენ სამეცნიერო ცოდნის გაღრმავებისა და გაფართოებისთვის. სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის კვლევით საქმიანობაში ჩვენი აკადემიური პერსონალის გარდა სხვა ქვეყნებში მოღვაწე მეცნიერები და მკვლევარები მონაწილეობენ, რაც იმის წინაპირობაა, რომ ჩვენი სტუდენტები, როგორც სამაგისტრო ასევე სადოქტორ დონეზე, ჩართული არიან გლობალურ სამეცნიერო დისკურსში.

სადოქტორო სკოლის ძირითადი ფუნქციაა სამეცნიერო კვლევების თანამედროვე რესურსებით უზრუნველყოფა, დოქტორანტების სამეცნიერო საქმიანობის კოორდინირება და მათი თანამედროვე, საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით სივრცეში ინტეგრირება.

თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო სკოლა ანიჭებს მაგისტრის და დოქტორის ხარისხს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის და ბიზნეს სკოლის სამაგისტრო პროგრამებთან იმისთვის, რომ ჩვენ მაგისტრანტებს და დოქტორანტებს შევუქმნათ სათანადო აკადემიური გარემო ინტერდისციპლინარული კვლევების განსახორციელებლად.