ნოტინგემიდან თავისუფალ უნივერსიტეტში | თავისუფალი უნივერსიტეტი
ENG GEO

Search form

ნოტინგემიდან თავისუფალ უნივერსიტეტში

თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების სკოლაში სხვა სტუდენტებთან ერთად კიდევ ერთი საინტერესო სტუდენტი აღმოვაჩინეთ. გიორგი შენგელია ჯერ კემბრიჯის კოლეჯში სწავლობდა, შემდეგ ნოტინგემის უნივერსიტეტში. ახლა სრულფასოვანი FreeUni-ეილია და როგორც ამბობს, ამით უკვე ამაყობს. ჩვენი კამპუსის ბიბლიოთეკაში შევხვდით, სადაც ინტერვიუში ჩავწერეთ.

- რატომ გადაწყვიტე ინგლისში სასწავლებლად წასვლა?

- ვფიქრობდი, რომ მივიღებდი საუკეთესო განათლებას. იქაური დიპლომის ფლობა გარანტირებული წარმატების წინაპირობაა. ხვდები ადამიანებს, რომლებზეც იცი, რომ მომავალში აუცილებლად წარმატებულები გახდებიან და მათთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ, მინდოდა დამოუიკდებლად მეცხოვრა, გამეცნო საინტერესო ხალხი, თან ინგლისურიც კარგად ვიცოდი და გოგო, რომელიც მომწონდა, ახლოს სწავლობდა.

- მაშინ რამდენი წლის იყავი?

- 16 წლის ვიყავი. კემრიჯის კოლეჯში ბოლო ორი წელი ვისწავლე. საქართველოს საშუალო განათლების ატესტატის ეკვივალენტური დიპლომი ავიღე. საბოლოო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, ნოტინგემის უნივერსიტეტში აღმოვჩნდი. კოლეჯში სწავლა საკმაოდ მერთულა, ბევრი დრო და ენერგია მიჰქონდა, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო. კოლეჯით ძალიან კმაყოფილი ვარ: ულამაზესი კამპუსი, მწვანე გარემო, მაღალი ხარისხის სწავლება...

- რამდენიმე სიტყვით მომიყევი იქაური ცხოვრების შესახებ.

- მოკლედ რომ ვთქვა, იყო ძალიან მრავალფეროვანი, საინტერესო და ამავდროულად რთული თავგადასავლი. უცხო ხალხი, უცხო მენტალიტეტი. ინგლისელები თუ ხვდებიან, რომ სხვა ქვეყნიდან ხარ თითქოს თავს გარიდებენ. მე ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე. კოლეჯში საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით, ხოლო უნივერსიტეტში სამ მეგობართან ერთად სახლი ვიქირავე. სწავლის პარალელურად ბარში ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდი და ზოგჯერ წვეულებების ორგანიზებასაც ვახერხებდი.

- რატომ გადაწყვიტე საქართველოში დაბრუნება?

-პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ აქ  თავს სახლში ვგრძნობ, აქ არიან ისინი, ვინც მიყვარს. აქედან რომ მივდიოდი, მეგონა ვეზიარებოდი თავისუფლებას და რეალურად იქ უფრო შებოჭილი ვიყავი. თინეიჯერობის დროს ყველაფერი, რაც საქართველოში მძულდა, მომენატრა. ბოლოს უკვე ძალიან ჩავიკეტე და ცხოვრების რიტმიდან ამოვვარდი, მივხვდი, რომ იქ ყოფნა აღარ იყო ჩემი.

- თავისუფალი უნივერსიტეტზე არჩევანი სწრაფად და მარტივად შეაჩერე? რა პარალელების გავლება შეგიძლია ინგლისისა და ჩვენს სასწავლო სისტემებს შორის?

- სიმართლე გითხრა, ბევრი არ მიფიქრია, რადგან ვისაც ვკითხე ჩემს სამეგობრო წრეში, ყველამ FreeUni მირჩია. ჯერჯერობით ყველაფერი მომწონს. ნოტინგემის უნივერსიტეტთან კონტრასტი ნამდვილად არის. აქ გაცილებით მერთულება სწავლა. თითქოს ყველაფერი უფრო სერიოზულადაა. იქ სტუდენტებს იმდენად ენდობიან, რომ ლექციებზე ლექტორები თავს არ იკლავენ და ჰგონიათ, რომ ჩვენ დამოუკიდებლად ვიმუშავებთ მთელი სემესტრის მანძილზე დავალებებზე, რომელიც არც ისე ბევრი და რთულია. თუმცა რეალურად, უმეტესობას დავალებები მიგვყავდა ბოლო კვირამდე და ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გვქონდა. აქ თითქოს უფრო მობილიზებული ვარ. მოდუნების საშუალება არ არის. სისტემატურად უნდა იყო ფორმაში. ვხედავ და ძალიან მსიამოვნებს ლექტორების დიდი ენთუზიაზმი. ძალიან მომწონს, რომ თავს არ ვგრძნობ მხოლოდ ფურცელზე დაწერილ მონაცემად და სტუდენტს აქვს საკმაოდ ახლო კავშირი ადმინისტრაციასთან თუ ლექტორებთან.

- დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, ისევ 16 წლის რომ იყო და ფიქრობდე ინგლისში წასვლა-არ წასვლაზე რას იზამდი? წლებს დაზოგავდი და აქ დარჩებოდი?

- აუცილებლად იმავე გადაწყვეტილებას მივიღებდი, რადგან ის გამოცდილება, რომელიც მე ინგლისში ცხოვრების დროს მივიღე ღირდა იმ რესურსებად, რაც გავიღე.

 

ინტერვიუ მოამზადა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტმა, ლიკა ცნობილაძემ