ახალგაზრდა ლექტორი, რომელმაც დოქტორის ხარისხი იაპონიაში მიიღო | თავისუფალი უნივერსიტეტი
ENG GEO

Search form

ახალგაზრდა ლექტორი, რომელმაც დოქტორის ხარისხი იაპონიაში მიიღო

თათო ჯაფარიძე აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის პროგრამის ხელმძღვანელია. ის ასევე თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენეტბსაც ასწავლის. თათომ ბიოლოგის ბაკალავრის დიპლომი საქართველოში აიღო, რის შემდეგაც იაპონიის მთავრობის სტიპენდიით იაპონიაში განაგრძო სწავლა, დიდი გამოცდილება მიიღო და იქიდან საქართველოში დოქტორის ხარისხით დაბრუნდა. ამჟამად თათო რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს, აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო საქმიანობასა და ყოველდღიურ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, როგორც პროგრამის ხელმძღვანელი, მეცნიერი და ლექტორი. თათოს კამპუსის ბიბლიოთეკაში შევხვდი და საკუთარ გამოცდილებაზე, ინტერესებზე, გატაცებებზე და მომავალ გეგმებზე ვესაუბრეთ.

- როდის და რატომ დაინტერესდი ბიოლოგიით პირველად?

- ისე, რა საინტერესოა, სანამ არ მკითხე, არც მიფიქრია ბიოლოგიით რატომ დავინტერესდი. არ ვიცი, ალბათ სკოლაში. ისეთი რაღაც არ ყოფილა, რომ უცებ გამინათდა გონება და ბიოლოგობა გადავწყვიტე, ალბათ მასწავლებელი მყავდა კარგი, ეგეც არ მახსოვს წესიერად, მაგრამ სწავლა რომ დავიწყე მივხვდი, რომ ჩაკირკიტება მომწონდა, მომწონდა სიცოცხლის მექანიზმების გაგება. შეიძლება ეს იმის ბრალიც იყო, რომ ზუსტად ვიცოდი არ მაინტერესებდა ჰუმანიტარული საგნები.

- ბავშვობიდანვე ბიოლოგია გინდოდა თუ გქონდა სხვა გატაცებებიც?

- არა, ბიოლოგია არ მინდოდა ბავშვობიდანვე, ძალიან მინდოდა ექიმობა. ექიმი, როგორც ვიღაცების მკურნალი კი არა, როგორც ნეიროქირურგი. რაღაც მომენტში, როცა გავიგე, რომ ნეირონები შეიძლება იყოს ერთი მეტრი სიგრძის, მინდოდა რომ გამომეღო და შემეხედა, დავკვირვებოდი და მაშინ მივხვდი, რომ მე ადამიანების მკურნალობა კი არა, სიცოცხლის მექანიზმები მაინტერესებდა და ასე ნელ-ნელა გადავედი ბიოლოგიაზე. ასევე, მანამ სანამ მეცნიერებაში გადავერთვებოდი ბალეტს ვცეკვავდი შვიდი წელი. ამბობდნენ, რომ დიდი მომავალი მექნებოდა, რაღაცა სისულელეები, ალბათ, მაგრამ მერე სამოქალაქო ომი დაიწყო, ჩემი ძმა პატარა იყო, აკადემიური ავიღე ბალეტზე, მერე ვეღარ მატარეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მხატვრები მყავს მამიდა, და, ბაბუა, დიდი ბაბუა და ხელოვნებასთან ძალიან მჭიდრო კავშირი მქონდა ყოველთვის, არასდროს მიფიქრია, რომ ცეკვა პროფესიად გამეხადა. ვგიჟდებოდი, ხუთი წლიდან შემიყვანეს ბალეტზე და ექვსი წელი ვცეკვავდი ძალიან აქტიურად. როცა წამოვიზარდე, ცეკვა რა თქმა უნდა გავაგრძელე, ძალიან მიყვარდა, მაგრამ ბალეტი დაგვიანებული იყო, ამიტომ ქართულ ცეკვებზე დავდიოდი. ვცეკვავდი ანსამბლში, გასტროლებზე დავდიოდი, მაგრამ ესეც პარალელურად, გასართობად მქონდა ქცეული, მიუხედავად იმისა, რომ როგორც პროფესიონალი ისე ვცეკვავდი. მიუხედავად ამისა, საოცარი მოგონებები დამრჩა ამ წლებისგან, არასდროს დამავიწყდება პირველი ვიზიტი ოპერისა და ბალეტის თეატრში, სულ პატარა ვიყავი, მახსოვს თეატრის სუნი, სკამები, ხავერდის შეგრძნება, მახსოვს, რომ ოთხმოქმედებიან „ჟიზელს“ გაუნძრევლად ვუყურებდი და როცა დამთავრდა ტირილი მოვრთე, არ მინდოდა, რომ დამთავრებულიყო. ცოტა კონსერვატორი ვარ და ალბათ მაგან ხელი შემიწყო, რომ ცეკვა სერიოზულად არ აღმექვა.

- როგორ გახდი იაპონიის მთავრობის სტიპენდიანტი?

- ბაკალავრი რომ დავამთავრე მივხვდი, რომ აქ არაფერი არ მეშველებოდა. ვერც მეცნიერი გავხდებოდი,  კვლევაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტი იყო და ვხვდებოდი, რომ ბევრი არც არაფერი ვიცოდი. ინგლისური ვიცოდი მხოლოდ, ისიც იმიტომ, რომ კერძოდ ვემზადებდი. მივხვდი, რომ აქედან უნდა წავსულიყავი, მაგრამ ჩემს მშობლებს საშუალება არ ქონდათ, ეს თემა ოჯახში საერთოდ არ განიხილებოდა, ამიტომ გადავიწყე  საბუთების გაგზავნა ყველა „სქოლარშიფზე“, რაც კი არსებობდა. ერთიდან საბუთები დაკარგეს, მეორემ საბუთები საერთოდ არ მიგვიღიაო, მესამემ უარი მითხრა და ამ იაპონიის ამბავზე ნინა ჭანიშვილმა დამაკავშირა იმ პროფესორთან, ვისთანაც შემდეგ ვმუშაობდი და მისგან მოწვევა მქონდა.რადგან აქ, გასაუბრებაზე იაპონელები იყვნენ ვერ მოახერხეს აქედან იმის გაშვება ვინც ქართველებს უნდოდათ და იაპონელებმა მოითხოვეს ეს ბავშვი გამოუშვითო, ჩემზე. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო მათთვის, რომ ინგლისური კარგად ვიცოდი. გასაუბრებამდე მეგონა, რომ სტიპენდია მაქვს, პროფესორი მყავს, მივდივარ და ეს რაღაც ტესტები ვიზისთვის ტარდებოდა-მეთქი. სინამდვილეში 20 კაცი ყოფილა ერთ ადგილზე და კონკურსი იყო. სანამ მივიდოდი მომწერეს ფანქარი და საშლელი წამოიღეო, გამიკვირდა, ვიზის ასაღებად რაში დამჭირდება-მეთქი, მაგრამ მაინც ჯანდაბას, წავიღე, მივედი, რაღაცა ტესტი მომცეს, ვიფიქრე, იაპონელები ალბათ გიჟები არიან-მეთქი და დავწერე, რას ვკარგავდი. მერე დამირეკეს, პირველი ტური გადალახეთო, გამიკვირდა, ვიზებზე ტურებია-მეთქი? შემდეგ გასაუბრებაზე დამიბარეს, ეს ბუნებრივად მეჩვენა, ალბათ საკონსულოდან ვიღაცა მოვა და გამესაუბრება-მეთქი. ამ დროს აღმოჩნდა, რომ გასაუბრება იაპონიის კულტურის ატაშესთან მქონდა. იაპონიაზე რა იციო მკითხა და იქიდან გამომდინარე, რომ ლიტერატურა ყოველთვის მიყვარდა და სულ ხელოვანები მყავდა სახლში, ამოვალაგე ყველაფერი რაც ვიცოდი აკუტაგავადან დაწყებული იაპონურ არქიტექტურაზე და მხატვრობაზე, ის კი გაკვირვებული პროფესიას მეკითხებოდა, არ იქნები შენ ბიოლოგიო. ბოლოს მოვეწონე ძალიან და გამიშვეს მე იმ ოცი კაციდან ისე, რომ მე ამ კონკურსზე წარმოდგენაც კი არ მქონია. მომცეს ბილეთი, თარიღი მითხრეს, ჩავალაგე ბარგი და წავედი ისე, რომ არც ის მიკითხავს სად მივდიოდი ან როგორ მივდიოდი, სად ვიცხოვრებდი, ვინ დამხვდებოდა. სამასი დოლარით წავედი თბილისიდან და ტოკიოს აეროპორტში, როცა გავაცნობიერე, რომ წარმოდგენა არ მქონდა სად მივდიოდი, აეროპორტის სკამებს ვუყურებდი, თუ სახლი ვერ ვიშოვე, აქ დავიძინებ-მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ხალხს სრული პასუხისმგებლობაჰ ქონდათ აღებული, მაჭამეს, მასვეს, მასწავლეს, სამსახური და ფული მომცეს, ყოველწლიურად ჯანმრთელობას მიმოწმებდნენ სრულად, იმდენი რამ გამიკეთეს, ალბათ, საკუთარი დედა ვერ გაუკეთებს შვილს ამდენს.

- რა შეცვალა შენს ცხოვრებაში იაპონიაში გატარებულმა წლებმა?

- ყველაფერი, მარტივად, ერთი სიტყვით, ყველაფერი შეცვალა! პირველ რიგში პიროვნულად შევიცვალე. ვამბობ ხოლმე და დამცინიან, რომ სადაც არ უნდა ჩამაგდო, როგორი პირობებიც არ უნდა იყოს, არ მოვკვდები. სუპერთანამედროვე ლაბორატორიიდან ხრამამდე - არსად არაფერი არ დამემართება, გადავრჩები ყველგან და ვიქნები წარმატებული. არ დავიკარგები, არ გავტყდები, არ დავინგრევი. დამოუკიდებლობიბს უმაღლესი ხარისხი შევიძინე იქ, როგორც პიროვნულად ისე, როგორც მკვლევარმა. იქ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ჩემთან, ლაბორატორიაში არავინ არ იცოდა რას ვაკეთებდი, გადმოცემული პროტოკოლი ჩემს კვლევას არ შეესაბამებოდა, ამიტომ დამოუკიდებლად მომიწია ყველანაირი ინფორმაციის მოძიება და შემდეგ კვლევის ჩატარება. ასეთ პირობებში საკუთარ თავს ზუსტად აფასებ, ხვდები რაღაცის გაკეთება საიდან სადამდე შეგიძლია, რის შედეგადაც შენი წარმატების ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. ასევე ვისწავლე რაღაცებზე უარის თქმა, დათმობა. ამას რომ თავი დავანებოთ, იქ გავიჩინე უამრავი მეგობარი, რომელთა დამსახურებაა, რომ ვარ ისეთი როგორიც ვარ და გავიცანი ჩემი ქმარი. იაპონიის დამსახურებაა, რომ მე ახლა შეყვარებული ვარ.

- მოგვიყევი შენი სამეცნიერო საქმიანბის შესახებ?

- ამჟამად, ვეძებთ ბაქტერიებს, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები. საჭმელში, ფერმენტაციას რომლებიც აკეთებენ იმათ, ოღონდ არ ვეძებთ ისეთ ბაქტერიას, რომელიც კვების ტექნოლოგიაში გამოიყენება, ვთქვათ, ცილების კოაგულაციისთვის და მაწვნის შესადედებლად, ჩვენ ვეძებთ ბაქტერიას, რომელსაც, იმის გარდა, რომ შეუძლია, ვთქვათ, შედედების გამოწვევა, აქვთ დამატებითი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები. რამოდენიმე ნაპოვნი გვაქვს უკვე და გვინდა, რომ ეს შტამები დავაპატენტოთ და გავყიდოთ, ოღონდ არა კონკრეტული ბაქტერია, არამედ უფლებები ამ ბაქტერიების მოხმარებაზე, როგორც საკვები დანამატების. აქამდე ვმუშაობდი ასევე რძეზე, ოღონდ არა კონკრეტულად მასზე, არამედ ხსენზე. რძე სანამ ჩამოყალიბდება ისეთად, როგორიც ჩვენ ვიცით, პირველი სამი დღის განმავლობაში ამ სითხეს ქვია ხსენი. მასში აღმოვაჩინეთ ცილა, რომელიც გვეგონა, რომ პატარა გლობულარული ცილა იყო,  წესით დიდი ფუნქცია რომ არ უნდა ქონოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დედის და შვილის მიერ ერთმანეთის ქიმიურ ამოცნობაში მონაწილეობს. შემდეგ ეს ცილა მხოლოდ რძეში კი არა, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ რძის გარდა, ეს ცილა, პირის ღრუში, ცხვირის ღრუში, შარდ-სასქესო სისტემაში და რაც მთავარია სისხლშიც კი ცირკულირებდა. მერე Ligand binding sutudies გავაკეთეთ, ანუ გავატარეთ სხვადასხვა არაორგანული ლიგანდები ამ ცილაზე და აღმოჩნდა, რომ ფერომონულ კომუნიკაციაშია ჩართული. ასეთი ცილა აღმოვაჩინეთ აი ამ ხსენში და ეს ცილა მერგო მე სრულიად შემთხვევით, როცა პროტეომიქსი გააკეთა ჩემმა პროფესორმა, ამომიჭრა ეს ცილა და მომცა შენია, გამოიკვლიეო. ჯერ დავიწყეთ ამ ცილის რეკომბინანტის გაკეთება, მერე ეს რეკომბინანტი ანტიგენად გამოვიყენეთ, თაგვებში იმუნიზაცია ვაკეთეთ, სიმსივნეები გამოვიწვიეთ, ჰიბრიდომები გავაკეთეთ ანუ გავაკეთეთ უჯრედები, რომლებიც ამ ცილის წინააღმდეგ ანტისხეულებს აკეთებენ, მერე ეს ანტისხეულები ვასუფთავე და მერე ამ ანტისხეულებით უკვე ბიოლოგიურ სითხეებში ვეძებდი ამ ცილას, რომ მენახა სად არის გავრცელებული, შენ წარმოიდგინე, მერე ისიც კი აღმოვაჩინეთ, რომ ტვინში, თხემის წილში არის ეს ცილა, ასევე ცხვირის ლორწოვან გარსზე, მის ქსოვილებში ექსპრესია ვნახეთ ამ ცილის მატრიცული რნმ-ის. მერე გამოვაქვეყნე და წამოვედი. დავუტოვე ეს ჩემი საყვარელი ცილა მაგისტრებს იქ, იაპონიაში. გული მწყდება ხოლმე, საინტერესო იყო. აი მაშინ მივხვდი, რომ მეცნიერება ძალიან მაგარია! არ ველოდებოდით, არ ვიცოდით და უცებ აღმოვაჩინეთ რაღაც სრულიად ახალი რამ, რამაც შეცვალა ჩვენი ძველი წარმოდგენები, ახალი ხედვისკენ გვიბიძგა, ახალი რეალობა დაგვანახა.

- როგორ მოხვდი აგრარულ უნივერსიტეტში?

- ეგ კიდე სასაცილო ისტორიაა. როცა დავიცავი, იმდენად გადამწვარი ვიყავი, აღარაფერი მინდოდა, არც სამსახური. სადაც იყო უნდა წავსულიყავი შვეიცარიაში ინტერნშიფზე და ამ დროს მითხრეს, რომ ბატონმა კახამ გაიგო ჩემ შესახებ და დალაპარაკება უნდოდა. მივწერე, გამარჯობა ბატონო კახა, მე ვარ თათო ჯაფარიძე, ახლა ჩამოვედი იაპონიიდან, სადოქტორო დავიცავი და მითხრეს რომ შეხვედრა გნებავთ და თუ მართლა სურვილი გექნებათ, შეგხვდებით-მეთქი და მომდის პასუხი: „ასისტენტი ნათია, ტელეფონის ნომერი“. ვიფიქრე, რა ასისტენტი, რა ნათია, რას მწერს ეს კაცი-მეთქი, მაგრამ დავფიქრდი მერე და როგორც იქნა გადავხარშე, რომ პირადად შეხვედრას კახა ბენდუქიძესთან არავინ ათანხმებდა, დავურეკე ნათიას და შეხვედრა დამინიშნა, შევხვდი და შემიძლია ვთქვა, რომ კახამ მომატყუა, გამასულელა, მითხრა, რომ ყველაფერს შევძლებდი, ძალიან ვჭირდებოდი და დამტოვა. ასე მოვხვდი აქ. ერთი პირობა მქონდა, ლექციებს არც ერთ ვარიანტში არ წავიკითხავდი, მხოლოდ კვლევა და ლაბორატორია, მაგრამ, ხომ იცი, ეს ამბავი როგორ დამთავრდა? ოცდაორი საათი მქონდა კვირაში, ვათენებდი ოთხ ღამეს, სამი ღამე მეძინა მარტო, რომ მოვმზადებულიყავი, თან შემიშვეს თავისუფალი უნივერსიტეტის მეორე კურსთან, რომლებიც ჩვეულებრივი გენიოსები იყვნენ და ძალიან მეშინოდა რომ ბავშვებთან არ შევრცხვენილიყავი. მერე ეს ბიოლოგიის ფაკულტეტის პროგრამის ხელმძღვანელობა და ერთი პერიოდი ისე ვიყავი, კვლევებს საერთოდ ვერ ვაკეთებდი.

- რა გამოწვევის წინაშე დადექი,. როდესაც პირველად შეხვედი ლექციაზე ლექტორის ამპლუაში?

- გენიოსებისთვის, რომლებსაც არ უნდოდათ და არ აინტერესებდათ, უნდა მესწავლებინა ბიოლოგია და თან გადავწყვიტე, რომ უნდა შემეყვარებინა კიდეც. გამოცდილება დიდი არ მქონია. იაპონიაში კი ვკითხულობდი, მაგრამ სემინარებს ვატარებდი და თან აღმოვაჩინე, რომ იაპონელი და ქართველი სტუდენტები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ბევრად უფრო გახსნილი, ძალიან ცოცხალი, ინტერესიანი ბავშვები არიან ქართველები. ისეთ კითხვებს სვამდნენ, რომ მე ეგრე ბიოლოგიისთვის არასდროს შემიხედავს, თან უნდა წამეკითხა ზოგადი ბიოლოგია ოღონდ საინტერესოდ, რაც აუცილებელია, რომ განათლებულმა ადამიანმა იცოდეს, კახას იდეა ასეთი იყო. გათენება სწორედ იმიტომ მიწევდა, რომ ვეძებდი ახალ-ახალ მასალებს, პუბლიკაციებს, ბავშვების დასაინტერესებლად. მემგონი გამომივიდა კიდეც. იმ პირველი კურსიდან, რომელსაც მე ვასწავლიდი, ოთხი ბავშვი ბიოლოგიით მიდის მაგისტრატურაში.

- მოგვიყევი შენი მომავალი გეგმების შესახებ.

- ახლა უნივერსიტეტთა შორის კონკურსს ვაკეთებთ. ჩავთვალეთ, რომ ბიოლოგები და ქიმიკოსები ამ უნივერსიტეტში ისედაც ცოტანი ხართ და სხვა უნივერსიტეტის ავშვებიც გაგაცნოთ. თან ეს ბავშვები მოვიდოდნენ, ნახავდნენ ლაბორატორია როგორია, იქ მუშაობა სინამდვილეში როგორ ხდება, რომ ფერადია, ნათელია, თბილია, თავში აგური არ დაგეცემა... ახლა ამ კონკურსზე ვმუშაობთ, ჯავახიშვილი, სამედიცინო, ილია და ტექნიკური უნივერსიტეტები მიიღებენ მონაწილეობას ჩვენი უნივერსიტეტის გარდა. იქნება ექსპერიმენტული ქიმია და ბიოლოგია, ქიმიაში ნივთიერეების სინთეზი,  ბიოლოგიაში ბაქტერიული ტრანსფორმაცია და მერე ბოლო ტური - ბიოქიმიური ცილის კონცენტრაციის განსაზღვრა. ბოლოს იქნება ვიქტორინა, სახალისო კითხვებით, რომელიც გვინდა, რომ მხოლოდ ქიმია-ბიოლოგიიდან არ იყოს, უფრო სააზროვნო კითხვები. ჩატარდება კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში. წესით, კარგი უნდა გამოვიდეს ძალიან. კიდევ მაგისტრატურის პროგრამაზე ვმუშაობთ, რომ იმ ბიოლოგებს, რომლებიც ბაკალავრიატს დაამთავრებენ, შევთავაზოთ უმაღლესი დონის სამაგისტრო პროგრამა. ისეთი ამაყი ვარ, ისეთი მაგარი პროგრამა გამოდის, რომ მიმაჩნია, ამ პროგრამას თუ დაამთავრებ, უკვე კარგი ბიოლოგი იქნები. კახა მეკითხებოდა, როგორ გგონიათ, იმ ბიოლოგებს, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტს დაამთავრებენ, თქვენზე მეტი ეცოდინებათო? ვფიქრობ და მართლა, თუ ისეთი გამომივიდა, როგორიც მინდა, თუნდაც ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, ჩემზე მეტი გეცოდინებათ.  

- რას ურჩევდი მომავალ ბიოლოგებს?

- მიხვდით, ყველაზე მეტად რა გიყვართ, ყველაზე დიდ სიამოვნებას რა განიჭებთ იმიტომ, რომ თუ აღმოაჩინე ის, რაზეც „კაიფობ“, მაგაზე დიდი სიამოვნება სამყაროში არ არსებობს. მაშინ შეძლებ, რომ იყო ყველაზე წარმატებული და ყველაზე ბედნიერიც. რაღაც, მთვარეულივით ვლაპარაკობ, მაგრამ მართლა ასეა. ხომ გიყვარს, გტკივა, გიხარია, ეს სულ სხვაა, სხვა გრძნობაა, აღფრთოვანების მსგავსი. ბოლო დროს, მძიმე პერიოდი მქონდა, ცხვირ-პირი ჩამომტიროდა, არაფერი არ მინდოდა, გუშინ მოვედი და  PCR-ით დავადასტურე, რომ ის შტამები, რომლებიც გამოვყავით, ამდენი ხანი ვეწვალებით და ვეჭიდავებით, მართლა ის ბიფიდობაქტერიებია, რომელიც გვითხრეს, რომ საერთოდ იქნებოდა იქ და შენ უნდა გენახა, როგორ მიხაროდა, საერთოდ ყველაფერი დამავიწყდა, დავრბოდი, ყველა მიყვარდა, ვიყავი ძალიან ბედნიერი. აი ასეთი რამ თუ იპოვე, ჩათვალე რომ დანარჩენი ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება.

ინტერვიუ მოამზადა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტმა, მარიამ ფუტკარაძემ