Smith College-ის Liberal Arts-იდან თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში | თავისუფალი უნივერსიტეტი
ENG GEO

Search form

Smith College-ის Liberal Arts-იდან თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლაში

თავისუფალ უნივერსიტეტში სტუდენტების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. კატო წულაძე მობოლობით გადმოსული „ახალი“ სტუდენტია. ის ამჟამად ფიზიკის სკოლის მეორე კურსზე სწავლობს. კატომ Liberal Arts-ის სკოლა აშშ-ში, Smith College-ში გაიარა, რომელიც მასაჩუსეტსში მდებარეობს, თუმცა, საბოლოოდ მაინც Freeuni-ელობა არჩია. ინტერვიუ, უკვე ტრადიციულად, კამპუსის ბიბლიოთეკაში ჩაიწერა.

- როდის და რატომ გადაწყვიტე ამერიკაში წასვლა?

- თავიდან ამერიკაში წასვლა არ მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისთვის გავგზავნე რამდენიმე კარგ უნივერსიტეტში საბუთები, მაინტერესებდა მიმიღებდნენ თუ არა. ერთ-ერთიდან დადებითი პასუხი მოვიდა და თან დამაფინანსეს. შემდეგ სკოლიდან, მშობლებმაც და ზოგადად ყველამ მირჩია წავსულიყავი და მეც ვიფიქრე, რომ მერე ვინანებდი. თან ჩემი ბევრი მეგობარი მიდიოდა და გადავწყვიტე წავსულიყავი და თავად მენახა როგორია ამერიკაში განათლება და ცხოვრება. სიმართლე გითხრათ, ცხვორების სტილის მხრივ დიდი მოლოდინი ისედაც არ მქონია, მაგრამ სწავლა მეგონა რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუმცა ბოლომდე ასე არ იყო. მეტს ველოდებოდი.

- როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ასე შორს განაგრძე სწავლა და შემდგომ უკან დაბრუნდი?

- სიტუაცია, რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავდება, მაგრამ მიხარია, რომ მაინც წავედი, იმიტომ რომ ვნახე სხვა ხალხი, სხვა კულტურა, იქაური განათლების სისტემა და მომავალშიც უკეთ განვსაზღვრავ რის მიხედვით ავირჩიო თუნდაც უნივერსიტეტი ან ფაკულტეტი, სად წავიდე სასწავლებლად და ასე შემდეგ.

- შენ მიერ არჩეულ ფაკულტეტებსა და ზოგადად უნივერსიტეტების სწავლების სისტემებს შორის ძირითად მსგავსება-განსხვავებების შესახებ საუბარი თუ შეგიძლია?

- ის უნივერსიტეტი, სადაც მე ვსწავლობდი არის Liberal Arts College, სადაც ჯერ არ მქონდა ფაკულტეტი არჩეული, ზოგადად ორი წელი გვქონდა იმისთვის, რომ გადაგვეწყვიტა, რომელი განხრით გვინდოდა სწავლის გაგრძელება. მანამდე ნებისმიერი საგნის არჩევა შეგვეძლო, ხოლო ორი წლის შემდეგ უკვე ზუსტად უნდა აირჩიო შენი მეიჯორი. თავიდან უფრო მაინც მათემატიკის არჩევას ვფიქრობდი, ამასთან მაინტერესებს ხელოვნებაც და ვსწავლობდი იტალიურს, რომ მესამე წელს გამეკეთებინა Study abroad ფლორენციაში, თუმცა შემდეგ ერთი კურსი ავიღე ფიზიკის შესავალი, ძალიან მოწონდა და მივხვდი რომ ეს იყო ის, რისი სწავლა მინდოდა. როგორც ვიცოდი, ფიზიკა აქ ძალიან კარგად ისწავლება და ამიტომ გადავწყვიტე თავისუფალში გადმოსვლაც.

- როგორ ფიქრობ რატომაა ამხელა კონტრასტი შენ მიერ არჩეულ მიმართულებებს შორის?

- ყოველთვის ტექნიკური საგნები უფრო მიყვარდა და გამომდიოდა კიდეც, მაგრამ თან სხვა დისციპლინებიც მაინტერესებდა. ერთ დროს რეჟისორობასაც კი ვაპირებდი. აქედან გამომდინარე, არ მინდოდა პირდაპირ ერთი მიმართულებით წავსულიყავი და სხვა არაფერი მენახა და ამიტომ სხვა საგნებსაც ვეცნობოდი, მაგალითად ხელოვნებას. სწავლის გარდა იყო კლუბები, როგორც აქაა, სადაც შეიძლებოდა გაწევრიანება.

- განსაკუთრებით რა მოგწონს თავისუფალ უნივერსიტეტში, ანუ რა არის ის მთვარი კრიტერიუმი რის გამოც ურჩევდი შენს მეგობრებს, რომ ზუსტად ამ უნივერსიტეტზე შეაჩერონ არჩევანი?

- პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწავლის ხარისხი, რაც უმაღლესია ჩემს სკოალში. ორი კვირაა ჯერ აქ ვარ და რაც ვნახე უკვე ძალიან მომწონს. ყველაზე მეტად პროფესორების დამოკიდებულება მხიბლავს, ყველა ცდილობს ბოლომდე გვერდში დაგვიდგეს და დაგვეხმაროს, ეს ამერიკაშიც იყო, მაგრამ ბევრი განხვავებაა მაინც, თუნდაც ის, რომ აქ კარგ სწავლასთან ერთად მხიარულებაცაა.

- რა მოლოდინი გაქვს თავისუფალი უნივერსიტეტისგან?

- სამომავლო გეგმები ჯერ არ მაქვს ზუსტად განსაზღვრული. ჩემს ფაკულტეტს რაც შეეხება, ამერიკაშიც ფიზიკა იმიტომ ავირჩიე, რომ ასტროფიზიკა მაინტერესებდა, თუმცა ორი პრერეკვიზიტი ჰქონდა, რომელთა გავლაც ბოლომდე ვერ მოვასწარი, ასტროფიზიკაზე ჯერ-ჯერობით ცოტა ვიცი, რომ ჩამოვედი გია დვალმა ჩაგვიტარა რამდენიმე ლექცია, კვანტურ ფიზიკაზე, ისიც ძალიან მომეწონა, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ მაქვს ყველაფერი გადაწყვეტილი.

ინტერვიუ მოამზადა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის სტუდენტმა, ანა მელიშვილმა.